საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანით, პოლიტიკური ძალაუფლება ქართული საზოგადოების ხელში გადავიდა.
ქუთაისის ახალ პარლამენტში საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიხილ სააკაშვილმა პარალელი მითიურ გმირ პრომეთესთან გაავლო.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქუთაისი მახლობლად პრომეთეს მღვიმე მდებარეობს. მისი განმარტებით, პრომეთემ, ქართული მითოლოგიის მიხედვით - ამირანმა, ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს დაუბრუნა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ახალი პოლიტიკური პრომეთეიზმის დროა.
„პოლიტიკური ძალაუფლება აღარ უნდა დარჩეს ერთი მუჭა ჯგუფის ხელში, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არამდიდარს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში, სოფლელებს არაფერი ეკითხებათ ქალაქში და გარეუბნელები გარეუბანში დაეტონ“ - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით, ხელისუფლება მრავალეთნიკურ ქართველ ერს გადაეცა.
სააკაშვილის თქმით, პარლამენტი საქართველოს ცენტრიდან ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში გადმოდის, რითაც საქართველოს დაყოფა დასავლეთად და აღმოსავლეთად წარსულს ბარდება.
მისივე თქმით, პარლამენტი, ბაგრატის ტაძრის მსგავსად, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ უნდა იქცეს.
„ხშირად გვიკიჟინებდნენ, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა, თურმე, ბარბაროსობაა. ამბობდნენ, რომ რომში კოლიზეუმი და საბერძნეთში აკროპოლი არ აღადგინეს. ბაგრატი იმისთვის აშენდა თავის დროზე, რომ იქ ხალხს ელოცა, მისი აღდგენაც სწორედ ამისთვისაა საჭირო“-განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ წელს ბაგრატის ტაძრის აღდგენა დასრულდება.

















