პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტს ახალმოსახლეობა, ხოლო ქუთაისს - საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი მიულოცა.
პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის ახალი შენობა ახალი საქართველოა და ქართული პარლამენტი ბინას დიდებული ქალაქის თანამედროვე შენობაში დაიდებს.
„მინდა მივულოცო პარლამენტს ახალი ბინა, ხოლო ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის განსაკუთრებული სატატუსი“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა მრავალი თვალსაზრისით საქართველოს სიმბოლოცაა - ისევე როგორც, მისივე თქმით, ახალი საქართველო, ეს შენობაც თანამედროვე შთამბეჭდავი და გამჭირვალეა.
სააკაშვილის თქმით, როგორც ახალი საქართველო, პარლამენტის ახალი შენობაც თანასწორ შეუზღუდავ ასპარეზს წარმოადგენს ქართული საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიისთვის.
მისივე თქმით, მათ შესაძლებლობა ექნებათ დაუბრკოლებლად წარმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და ქვეყნის მართვაზე გავლენა მოახდინონ.
„ეს შენობა გახსნილია ჩვენი ტრადიციებისთვის. ის ჩვენი იმ დემოკრატიის სიმბოლოა, რომელსაც დღეს ვაშენებთ“- განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ოპონენტების მისამართით განაცხადა, რომ პარლამენტის ახლადგახსნილ შენობაში წყალი აუცილებლად ჩამოვა, შესაძლოა, სახურავის ნაწილი ქარმა წაიღოს, რაც, მისი თქმით, აღმშენებლობის პროცესისთვის დამახასიათებელია.
„მათთვის ვინც ჩასაფრებულია ვიტყვი, რომ აუცილებლად მოხდება ასეთი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ ის გვაკრიტიკებს, ვინც 15 წლის განმავლობაში ყველაფერს ანგრევდა, ვისაც დღეს უკან უნდა დაბრუნება“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის ამ საყვედურს არ მიიღებს.

















