საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
როგორც მან ქუთაისის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან უჭირს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოდის და შენობებები შენდება, ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქე უმუშევარია.
სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა და ევროპის სახელმწიფოების შესაძლო კოლაფსისა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა შარშან 7 პროცენტით გაიზარდა და წელსაც იზრდება.
თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველოში უამრავ ოჯახს უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირისა და მომჭირნეობის პირობებში უწევს ცხოვრება.
სააკაშვილმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება, მაგრამ ჯანდაცვა ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი და ისინი ვერც დაზღვევით სარგებლობენ. ამიტომაც, მისივე განცხადებით, მთავრობა საგანგებო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების საყოველთაო დაზღვევაზე მუშაობს.

















