ჩიკაგოს ნატო-ს სამიტზე ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის
საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნატო-ს არცერთ სამიტზე არ უნახავს.
მისივე განმარტებით, საქართველო ყურადღების ცენტრში იყო. ასევე, იყო განცდა იმისა, რომ ნატო დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფაქტორია.
„დღეს ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც ცივილიზებული ნაწილის ძალიან მნიშვნელოვან წევრს და უკვე დღეს დავინახე, რომ ჩვენი გეგმა ნატო-ს წევრობისა, სრულიად რეალისტურია“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, წინსვლის მიუხედავად, ახალი საქართველოს შენება ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან.
„ჯერ კიდევ გაცილებით ბევრია ასაშენებელი ვიდრე აქამდე ავაშენეთ. დღეს ყველას საზეიმო განწყობა აქვს და ამიტომ არის ყველას სახეებზე სიხარული აღბეჭდილი, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველი დღე ასეთი არ არის“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ცხოვრება ბევრი გასაჭირისა და სატკივარისგან შედგება.
„მიჭირს წარმატებებზე საუბარი, მაშინ, როდესაც ყოველდღიური ცხოვრება გვიჩვენებს, იმას თუ რამდენი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი, ჯერ კიდევ რამდენი რამეა დაუმთავრებელი“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველო ახალ ინვესტიციებს იზიდავს და ახალ შენობებს აშენებს.

















