თბილისი და მცხეთა 2015 წლისთვის ერთმანეთს მეტროს ხაზით დაუკავშირდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ქართული მრეწველობის აღლუმზე იმყოფებოდა.
მისი განმარტებით, მეტროს ინფრასტრუქტურის მცხეთამდე აშენებასთან დაკავშირებით, ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ამასთან, მისი თქმით, თბილისში ორ წელიწადში უკვე თანამედროვე ტრამვაი იმოძრავებს.
პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს იქნება ფრანგული წარმოების ჩქაროსნული ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე, რუსთაველზე, ქავთარაძესა და სხვა ქუჩებზე გადაიყვანს. ტრამვაის სადგური ვარდების მოედანთან მოეწყობა.
ქართული პროდუქციის სამრეწველო აღლუმი მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა. იგი დღეს ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში სიტყვითაც გამოვა.

















