ქვეყანაში დასუფთავების ახალი სამსახური შეიქმნება. ცვლილება "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის პირველ აპრილამდე სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, შესაბამისი პროფილის კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს და მისი 100%-იანი წილი მართვის უფლებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცეს.
ახალი სამსახური პირველ ეტაპზე - 2012 წლის პირველი მაისიდან თვითმმართველ ერთეულებში ნაგავსაყრელების მოწყობას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციას განახორციელებს, ხოლო 2013 წლის პირველი იანვრიდან ქუჩების დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების სამუშაოების ორგანიზებას უზრუნველყოფს.
ახალი კანონპროექტის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.

















