პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 26 მაისის დადგომისთანავე, გუშინ ღამით
თეატრალიზებული აქცია გამართეს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ერთი წლის წინ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.
„ეს არის ახალგაზრდობის პროტესტი იმ ამბავთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ განახორციელა. საქართველოში ეს აღარ უნდა განმეორდეს“ - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
შეკრებილები შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა ძალისმიერი გზით დაარბიეს. აქციის დაშლის დროს, რამდენიმე მოქალაქე გარდაიცვალა და ასეულობით დაშავდა.

















