„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი სოსო ჯაჭვლიანი გასული წლის 26 მაისის მოვლენებს ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს.
როგორც ჯაჭვლიანმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთი წლის გადასახედიდან, საქართველოში არაფერი შეცვლილა, თუმცა, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გამარჯვების იმედი გააღვივა.
„დღეს ხელისუფლებაში „სკამებზე“ აქვთ სერიოზული გართულება და გაუგებრობაც იმიტომ ხდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის სახით მოსახლეობაში დიდი იმედი გაჩნდა“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2011 წლის 25 მაისის საღამოს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა არავითარ რევოლუციას არ გეგმავდა.
„იმ ღამის შემდეგ, საქართველოს ბევრი პოლიტპატიმარი შეემატა, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობით დასახიჩრდა“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
აქციის დარბევის დროს ჯაჭვლიანი დააპატიმრეს. ერთი თვის მანძილზე მან საკანში საკვების მიღებაზე უარი თქვა.
„სააკაშვილის რეჟიმმა იმ ღამეს რაც გააკეთა ალბათ საქართველოს ისტორიაში არ არსებობს. იმ ღამეს ხელისუფლებამ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გადაფარა“ - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრებიან, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ჩაატარებს.

















