პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში მაღალ თანამდებობობაზე დანიშვნას ხდის შესაძლებელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი ნონსენსს უწოდებს.
როგორც სესიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გახდეს.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო ძალების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს. ამ ცვლილების თანახმად კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვაძლევთ უფლებას მთავრსარდალი გახდეს, რაც დაუშვებელია“-განაცხადა მან.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობაზე უარი თქვა.
„ეს, რომ მიგვეღო, იმას მანიშნებელი იქნებოდა, რომ ვიწრო-პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ, სახელმწიფო ინტერესებს ვთმობდით“-აღნიშნა მან.
პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.

















