პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების ჯგუფი აშშ-ში კარატე-დოს ყოველწლიურ ჩემპიონატზე „ქართული ოცნების“ სახელით წარსდგა.
მათი ინფორმაციით, ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, კაი ლინგის სახელობის კლუბში გაიმართა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კარატისტებმა მედლების მოპოვება თითქმის ყველა კატეგორიაში შეძლეს. ქართველმა მწვრთნელებმა სხვა ასპარეზობაზეც საქართველოს სახელით წარმატების მოპოვების პირობა დადეს.
ნიუ იორკში კარატეს რამდენიმე კლუბი ფუნქციონირებს, რომელიც ქართველი მწვრთნელებითაა დაკომპლექტებული.
ამასთან, დღეს, ქართველ მოჭიდავეთა ჯგუფი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და პოლიტიკურ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა.
„ქართული ოცნების“ ინფორმციით, შეხვედრას ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი, 5 გზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი, ევროპის ჩემპიონი გიორგი ბაინდურაშვილი, ევროპის ჩემპიონი ლევან წიკლაური, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ამბაკო ავალიანი ესწრებოდნენ.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა სპორტსმენებთან შეხვედრისას აღნიშნა, პატრიოტიზმი ეს პროფესიონალიზმია.
„თუ შენ საქმეს კარგად აკეთებ უკვე შენი ქვეყნის შვილი ხარ. თქვენ უკვე დიდი დამსახურება გაქვთ. დღეს პროცესები შეუქცევადია, რაც უკვე დაწყებული და გაკეთებულია ვერავინ ვეღარ შეაჩერებს. ეს აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება“ - განაცხადა ბიძინა ივანშვილმა.
მისი თქმით, ასეთი თანადგომით და გაერთიანებით, ხელისუფლებაში ისინი მშვიდობიანად მოვლენ.

















