ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.
როგორც აშშ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშშია აღნიშნული, აღნიშნულ ფაქტებს, განსაკუთრებით გასული წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტთა დაშინების შემთხვევები გამოიკვეთა.
„ვრცელდებოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ, მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაუფლების მიზნით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის არასწორი გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მედიის საკუთრების საკითხში მეტი გამჭვირვალობისთვის კანონი მიიღო, მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო“ - ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობდა და აზრთა მრავალფეროვნებას გამოხატავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან.
„მთავრობის პირდაპირი ან ირიბი გავლენა მედიასაშუალებებზე პრობლემად რჩებოდა. რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა, კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, სხვა რელიგიური ჯგუფების ფართო სპექტრსაც სამართლებრივი სტატუსი მიენიჭა“ - აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, დევნილი მოსახლეობის განსახლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინფორმაცია კვლავ ვრცელდებოდა.
მათივე ინფორმაციით, სხვა პრობლემებს შორის ბიზნესის საკუთრებისა და სამთავრობო ტენდერების ჩატარების კუთხით, გამჭვირვალობის ნაკლებობა სახელდებოდა.
ანგარიშის მიხედვით, რიგი პრობლემა გამოიკვეთა ასევე, არჩეულ თანამდებობებზე ქალების ნაკლებობის შესახებ. მაღალი იყო ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი. საქართველო ტრეფიკინგის თვალსაზრისით, ადამიანთა მიმწოდებელი და ამავე დროს, სატრანზიტო ქვეყანა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების საქმეების გამოსაძიებლად და მათ დასასჯელად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, საქმეთა გამოძიებას ხშირად აჩერებდნენ, ან აჭიანურებდნენ, რაც დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნიდა“ - ნათქვამია ანგარიშში.

















