არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი კონტროლის პალატაში მოწმის სტატუსით დაკითხეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატროშვილმა განუცხადა, საკითხი რუსთავის საკრებულოს წევრის თამაზ გველუკაშვილის მიერ წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის საჩუქრების დარიგებას ეხებოდა.
მისი თქმით, მოწმის სტატუსით მისი დაკითხვა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმის მოკვლევის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ კონტროლის პალატისადმი მიმართვამ გამოიწვია.
მისივე განმარტებით, ის რუსთავში საქმის მოსაკვლევად იმყოფებოდა და უშუალოდ გამოკითხა აღნიშნული ფაქტის მონაწილეები.
„კონტროლის პალატის წარმომადგენლები იმ ქუჩებზე უნდა მივიდნენ, სადაც ჩვენ ვიყავით და ინფორმაცია გადავამოწმეთ. ასევე, უნდა დაიკითხოს თავად გველუკაშვილი და მერიისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც გველუკაშვილის სახელით ცხვარს და ღვინოს არიგებდნენ“ - განაცხადა ნატროშვილმა.
ნატროშვილის თქმით, კონტროლის პალატამ ბათუმში, ორგანიზაციის იურისტი ირინე ურუშაძეც დაკითხა.
კონტროლის პალატამ თამაზ გველუკაშვილის საკითხის ამომწურავად შესწავლის დაწყების შესახებ განცხადება 23 მაისს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში საქართველოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ცხვარი და ღვინო დაურიგა საჩუქრად.

















