კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, მისი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანდაცვა და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია“ კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
„მოსახლეობამ თავისი პირველადი სამედიცინო მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს. უბედურებაა, რაც ხდება - ხალხი ლამის უწამლოდ იხოცება. ეს მყისიერად უნდა აღმოიფხვრას“-აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია ცდილობს ხალხს იმედი არ გაუცრუოს და დაუმტკიცოს, რომ მათზე დაყრდნობა შეიძლება.
„მესმის, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა ბოლო წლებში ქართველ ხალხს იმედი გაუცრუა და მოსახლეობაში ნიჰილიზმი გაღრმავებულია, მაგრამ ვფიქრობ, ნელ-ნელა ყველას ვარწმუნებთ, რომ საქმეს გამარჯვებამდე მივიყვანთ“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ივანიშვილმა ქვეყანაში პროდუქციის ფასებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი ფასები არც ერთ ქვეყანაში არ არის.
„დღეს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ძვირად ყიდულობს ელექტროენერგიას. ნაგვის გადასახადის მიბმა კი, უბრალოდ, სასაცილოა. ცდილობენ, მოსახლეობიდან რაც შეიძლება დიდი ფული ამოიღონ“-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან უმოკლეს ხანებში ელექტროენერგია გაიაფდება.
„ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამას ხელისუფლება საგანგებოდ აკეთებს, რადგან ღარიბი ადამიანის მართვა ადვილია.

















