კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საკაბელო ოპერატორების მიერ
მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
შეხვედრა პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„ამ დროისთვის პარლამენტი არ არის თანახმა ჩვენი რეკომენდაციის გასათვალისწინებლად. სავალდებულო ტრანზიტის საკითხი სერიოზული პრობლემაა, რადგან საზოგადოებას გარკვეულ ინფორმაციულ ვაკუუმში აქცევს. მას არ მიეწოდება ალტერნატიული ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია არჩევნებისას გადაწყვეტილების მისაღებად“ – განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, მათი რეკომენდაციების ეს ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბევრ ევროპულ ქვეყანასა და აშშ–ში აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია, კერძოდ, საკაბელო კომპანიები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ იმ ტელეკომპანიების სიგნალი, რომლებიც გარკვეულ სურათს ქმნიან – აქვთ ახალი ამბები და დებატები.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკაბელო მაუწყებლობა ჩვეულებრივი ბიზნესია და აქედან გამომდინარე, ამ ბიზნესისთვის რაიმე დამატებითი ვალდებულების დაწესება არასწორი იქნება.

















