პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტაცია დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ,,ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
ბაღათურიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 მაისს შესთავაზა.
იმპიჩმენტის საფუძვლად ბაღათურია იმ ფაქტს ასახელებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და უცხოეთში მაშინ გაემგზავრა, როდესაც დედაქალაქსა და რეგიონებში სტიქიური უბედურება მოხდა და ამავე დროს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საიმპიჩმენტო დასკვნის მოსამზადებლად, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს ის ასევე პრეზიდენტისა და მისი ოჯახის კორუფციისა და უკანონო შემოსავლების შესახებ მის მიერ მოპოვებულ მასალებს უგზავნის.
„2004 წელს პრეზიდენტი დეკლარაციით სულ 123 ათასი ლარის ქონებას ფლობდა, ხოლო 2011 წელს კი მას დეკლარირებული აქვს 1 269 167 ათასი ლარის ქონება“ – განაცხადა ბარათურიამ.
ამასთანვე იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისა და მისი მეუღლის შემოსავლები ჯამურად არ ემთხვევა დეკლარირებულ ქონებას და სააკაშვილი ფლობს აღურიცხავ ქონებას.
,,პრეზიდენტი სისხლის სამართლებლივ დანაშაულშია ეჭვმიტანილი და დეპუტატი, რომელიც ამ საკითხის გამოკვლევით არ დაინტერესდება, ხდება დანაშაულის თანამონაწილე“ - განაცხადა ბაღათურიამ.
ასევე, მან ,,ქართუ ბანკის“ მიერ პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე განხორციელებული გადარიცხვები წარადგინა, რაც ბაღათურიას მტკიცებით უკანონო იყო.
ბაღათურიას თქმით, მის ინიციატივას ხელს ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრები მოაწერენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობამ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ამასთანავე, დეპუტატი აცხადებს, რომ მას კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთანაც აქვს.

















