პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას დაპირება პენსიის 220 ლარამდე გაზრდის
შესახებ უპასუხისმგებლოა და ხმების მოპოვებაზეა გათვლილი.
„ჩვენ, რომ რამეს არჩევნებისთვის ვაკეთებდეთ, დამიჯერეთ, ძალიან ბევრი მომგებიანი ლოზუნგის მოგონება შეიძლებოდა. არჩევნებზე ორიენტირებული რომ ვიყო, ვიტყოდი რომ პენსია მომავალი წლიდან 220 კი არა, 320 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ამის უკან კონკრეტული პასუხისმგებლობა დგას“ – განაცხადა ბაქრაძემ დღეს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ქვეყანაში 10 ლარით პენსიის გაზრდას წელიწადში 100 მილიონი ლარი ესაჭიროება, ხოლო 220 ლარამდე გაზრდას დამატებით 900 მილიონი ლარი დასჭირდება, რისი რესურსიც სახელმწიფოს დღეს არ აქვს, რადგან, მისივე თქმით, საქართველო ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანაა.
როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განახორციელებს სოციალურ რეფორმას, რომელიც მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმადე – 220 ლარამდე გაზრდის საშუალებას შექმნის.

















