კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში უნდა გამართულიყო.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა განაცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება.
მისი თქმით, შეხვედრის გადადება 27 მაისს თბილისში დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა.
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა, საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს“ - აცხადებს თამაზაშვილი.

















