რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ მთავარმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუამ დღეს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.
მიმართვაში გულუა 12 მაისს, ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიანი შეკრების მონაწილეების მიმართ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე საუბრობს.
მიმართვის ადრესატები არიან აშშ-ს ელჩს ჯონ ბასი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენელი სიმონე უოლკენი და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონიეზე.
მიმართვაში გულუა დიპლომატებს ამცნობს, რომ პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ 12 მაისი აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგებისა და ერთობის დღედ გამოაცხადა.
„გაწვდით ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან სამეგრელოსა და თბილისში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე და გთხოვოთ ყურადღება მიაქციოთ, რადგან ასეთ ვითარებაში წარმოუდეგენელია პოლიტიკური საქმიანობა და დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისთვის მომზადება“ – აღნიშნულია მიმართვაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გულუას თქმით, საქართველოს ელის საერთაშორისო იზოლაცია და სააკაშვილის „დიქტატურის მარწუხები“, რისი ნიშნებიც, მისივე თქმით, უკვე ნათლად იკვეთება.
„მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ხელისუფლებისაგან ოფიციალურად მიიღო დასტური აქციის გამართვაზე, სამეგრელოში ძალოვანმა სტრუქტურებმა და სპეცსამსახურებმა ნამდვილი ომი გამოუცხადეს ჩვენს აქტივისტებს და ხალხის შეკრების საშუალება არ მისცეს“ -აღნიშნავს ბიზნესმენი.
გულუა აღნიშნავს, რომ ის რუსეთში ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ მოძრაობას ,,საქართველოსთვის“, რომელიც ქვეყნის 53 რეგიონში საქართველოდან ლტოლვილ მოსახლეობას აერთიანებს.
„მიუხედავად ჩემი ქველმოქმედებისა და საქმიანობისა, დღეს, მე საქართველოში შემოსვლა არ შემიძლია, რადგან ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის კონსტიტუციურ საფრთხეს წარმოვადგენ“ - ნათქვამია მიმართვაში.
გულუა, ასევე, აცხადებს, რომ მას საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით საქართველოში დევნილთა დახმარების საშუალება არ მიეცა, რადგან გასულ წელს ხელისუფლებამ ფონდის საქმიანობა შეაჩერა და მისი ანგარიში დააყადაღა.
ბიზნესმენმა, მიმართვას აქციაზე მომხდარი ინციდენტების შესახებ დეტალური ანგარიში დაურთო.

















