„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები 2011 წლის 21-26 მაისის მოვლენების წლისთავის აღსანიშნავად დღეს აჭარაში იმყოფებოდნენ.
აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა აჭარის ტელევიზიის წინ იქ, სადაც 2011 წელის 21 მაისს „სახალხო კრების“ ორგანიზებით მოვლენების ობიექტურად გაშუქებისა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით აქცია გამართეს, დღეს ბრიფინგი ჩაატარეს.
„გასულ წელს სწორედ ამ ადგილას ხელისუფლებამ მრავალათასიანი აქცია დაარბია და „სახალხო კრების“ 9 რეგიონალური ლიდერი უკანონოდ დააპატიმრა. 7 მათგანი მოგონილი ბრალდებით სასჯელს დღემდე უკანონოდ იხდის“ - განაცხადეს „სახალხო კრების“ წევრებმა.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.
„მათ ტელევიზიაში შევარდნას და სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებდნენ, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ გატეხეს. ბრალი არავინ აღიარა. ყველა ვინც ციხეში ზის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური პატიმარია და მათი გამართლების დრო მალე დადგება“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბრიფინგის შემდეგ, „სახალხო კრების“ წევრები, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აჭარაში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ. მათ შეხვედრაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისადმი „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს მიმართვა წაიკითხეს.
„სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც, მათი თქმით, გასულ წელს საკუთარი ჯანმრთელობის და ოჯახის კეთილდღეობის ფასად არსებულ რეჟიმს აღუდგა წინ, მადლობა გადაუხადეს.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სახალხო კრება“ პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

















