ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს შორის ხვალ მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი პრომეთე შევარდნაძე მოაწერენ.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის განმტკიცება ფიზიკის, ქიმიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სფეროში, ასევე კვლევითი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების ხარისხის ამაღლება.
თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეროვნული სააგენტო ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს განახორციელებენ. თსუ-ის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სააგენტოსთან არსებული თანამედროვე ლაბორატორიების ბაზაზე, დაგეგმილია სტაჟირება თსუ-ის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

















