„ლეიბორისტული პარტია“ „ოლიგარქებისა და ბანკების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს“ იწყებს.
აღნიშნულის თაობაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა დღეს, ბანკ „რესპუბლიკას“ ცენტრალურ ოფისთან აქცია-ბრიფინგზე განაცხადა.
შატბერაშვილმა განმარტა, რომ „რესპუბლიკა“ ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი დაცვის უფროსს სულხან პაპაშვილს გაუხსნა, ხოლო შემდეგ, „ვარდების რევოლუციაში“ აქტიური მონაწილეობისთვის ქონება მას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უბოძა.
„ამ დიდი ქონების განსახიერება ბანკ „რესპუბლიკას“ ცათამბჯენია. ხალხის უფულობის, უწამლობის, უექიმობის და საერთოდ, ქვეყნის სიდუხჭირის მიზეზი სწორედ ეს ბანკები და ოლიგარქებია“ - აღნიშნა შატბერაშვილმა.
შატბერაშვილის მტკიცებით, სულხან პაპაშვილს პატარა ბანკი ჰქონდა ყაზბეგის გამზირზე, დღეს კი, მისი ფილიალებით მთელი საქართველოა მოცული.
შატბერაშვილმა პრეზიდენტი და ოლიგარქები გააფრთხილა, რომ მათი მმართველობა დასასრულს უახლოვდება.
„ოლიგარქებისა და ბანკების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ ფარგლებში, ლეიბორისტები, მიმდინარე კვირაში სხვადასხვა ბანკთან გეგმავენ აქციებს.

















