ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დღეს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ადილბეგ კასიმალიევი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
დიმიტრი გვინდაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც გატარდა საბიუჯეტო-ფისკალური პოლიტიკის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების კუთხით. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში არსებულ მაკრო-ფისკალური სტაბილურობისა და დინამიური ეკონომიკური ზრდის თაობაზე, ქვეყნანაში ჩატარებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით დანერგილ მოდელზე, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
საქართველოში ყირგიზეთის დელეგაციის ჩამოსვლის ძირითადი მიზანია, გაეცნოს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს.
ეს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს. პირველად სამთავრობო დელეგაციამ თბილისში შეხვედრები გასული წლის ოქტომბერში გამართა.
24 თებერვლის ჩათვლით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. შეხვედრა გაიმართება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრს.

















