საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ ეკლექტურ კოალიციაზე ძლიერია.
ასეთი კომენტარი გააკეთა დარჩიაშვილმა პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულ სუბიექტებზე საუბრისას.
"არ მგონია, რაიმე ახალი იყოს, თვეებია რაც ცნობილია, ვინ და რა მოტივით არის ივანიშვილის ირგვლივ დარაზმული. არანაირ სიურპრიზებს მათგან არ ველი. პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც მიმდინარეობს. ნელ–ნელა შევალთ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში და ყველაფერი გამოჩნდება. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკმაოდ ეკლექტურ კოალიციაზე ძლიერია და მოსახლეობის განწყობა ამას აჩვენებს" , – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიცია "ქართული ოცნება" სუსტი კონკურენტია და ქართულ პოლიტიკურ ამინდზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს. დარჩიაშვილის თქმით, თავისთავად კონკურენცია მისასალმებელია, თუმცა, სასურველი იყო უფრო რაციონალური და მკაფიო ალტერნატივებით გამორჩეული კონკურენტი ყოფილიყო.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" შედგა.

















