ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მოუწოდებს არჩეული კურსის ერთგული დარჩეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველოსა და ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობები და ძლიერი მეგობრობა აკავშირებთ. მისივე თქმით, ეს იმაშიც გამოიხატა, რომ საქართველო ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის პარტნიორთა სამივე ფორმატის შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი.
„ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს მხრიდან დაფიქსირდა, რომ საქართველო მისი წევრი გახდება. დღეს ეს გადაწყვეტილება ხელმეორედ გაცხადდა. ნატო-სკენ მიმავალი გზა არ არის მარტივი. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ საქართველო ამ გზას აგრძელებს და პროგრესს აღწევს. მოვუწოდებთ საქართველოს ამ კურსის ერთგული დარჩეს“ - ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო აფასებს საქართველოს მცდელობას კავკასიაში არსებული დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვოს, ასევე, მის ძალისხმევას რუსეთთან ნდობის აღდგენის საკითხში.

















