პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერებმა და აქტივისტებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გამართეს.
მათ ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მოძრაობის სამ წევრს - დევი ნანობაშვილს, ლაშა ჯავახიშვილს და გოჩა მანჯავიძეს 20 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ასევე „განახლებული საქართველოსთვის“ წევრებმა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს, რომლის ძალითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და პარტიის წევრთა მოთხოვნა წინა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
„საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი ორგანო არაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფია, რომელიც მუდმივად მერაბიშვილისა და ადეიშვილის ბრძანებებს ასრულებს“ - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა სოსო გიორგაძემ.
„განახლებული საქართველოსთვის“ 6 წევრი 12 მაისს, პარლამენტის წინ დევნილთა შეკრების დროს დააკავეს. 3 მათგანი დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს, დევი ნანობაშვილს, ლაშა ჯავახიშვილსა და გოჩა მანჯავიძეს კი - 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
დადგენილება სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის დაადგინა, რაც პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ითვალისწინებს.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის სოსო გიორგაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა.

















