„ქართული აკადემია“ საზოგადოებას კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეკრებაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ქართული აკადემია“ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოში დაბალანსებული სახელისუფლებო შტოების შესაქმნელად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივის გასაჩენად, სამართლიანი სასამართლოსა და დამოუკიდებელი მედიის არსებობის უზრუნველსაყოფად, ასევე თავისუფალი ბიზნესგარემოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად, საჭიროა ხალხმა მტკიცე ნება გამოავლინოს და საკუთარ თავსა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს, რომ თვითონაა ქვეყნის პატრონი და არა ერთპარტიული ხელისუფლება.
„მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შეკრებაში, რათა ეს თარიღი ერთობლივად ვაქციოთ ახალი, კეთილდღეობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოს მშენებლობის ათვლის წერტილად“- აცხადებენ „ქართულ აკადემიაში“.
27 მაისს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს, რითაც წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

















