პარტია „თავისუფალი საქართველო“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებების საჯაროობას სთხოვს.
ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ომანიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - არსებობს თუ არა თუნდაც მცირედი ალბათობა იმისა, რომ საქართველო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს დაკარგავს.
„დავით გარეჯის გარშემო ბოლო დროინდელ მოვლენებზე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიებზე ტურისტებისა და მომლოცველებისთვის შეზღუდვა მოხსნილია და აღნიშნულ საკითხებს ორი ქვეყანა აზერბაიჯანში, დელიმიტარიზაციის კომისიების შეხვედრაზე დაუბრუნდება“ - აღნიშნა ომანიძემ.
მისივე თქმით, საგარეო უწყების განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ პრობლემა მოხსნილი არ არის და ის მხოლოდ გარკვეული დროით გადავადდა.
„დავით გარეჯის საკითხში ტურისტების დროებით შეუფერხებელ გადაადგილებაზე პრიორიტეტული ის არის, შედის თუ არა აღნიშნული ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში“ - განმარტა თენგიზ ომანიძემ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმებით, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას და ძეგლის დათვალიერებას საქართველოს მოქალაქეები ძველებურად შეძლებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გუშინ გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

















