ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო სახელმწიფოების თვისობრივად ახალ კატეგორიაში გადავიდა, რაც იმის აღიარებაა, რომ ახლო მომავალში ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.
ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე ჩიკაგოს სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„საქართველო გადავიდა ახალ კატეგორიაში – ასპირანტი ანუ კანდიდატი ქვეყნების ჯგუფში, რაც თვისობრივად ახალი კატეგორიაა. საქართველო იყო 28+4 ფორმატის მონაწილე ქვეყანა. ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო ახლო მომავალში იქნება ალიანსის წევრი. ეს არის ასევე სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო და რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“ – განაცხადა მინაშვილმა.
ამასთანავე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ არსებული წინსვლა საქართველოსთვის არა თვითკმაყოფილების საბაბი, არამედ მეტი მოტივაციის საფუძველია.

















