26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ღონისძიებები დაიწყება თბილისში და ის სამრეწველო აღლუმს სახელწოდებით - „დამზადებულია საქართველოში“ უმასპინძლებს.
მისი თქმით, საწარმოებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის საშუალება ექნებათ. განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს სამხედრო ტექნიკა - „ლაზიკა“, „დიდგორი“ და უპილოტო თვითმფრინავები.
მანჯგალაძის განცხადებით, საზოგადოებას ერთი დღის განმავლობაში საქართველოში დამზადებული ყველა ქართული პროდუქტის ნახვის საშუალება ექნება.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.
მანჯგალაძის თქმით, პარლამენტის მშენებლობა სრულად შემოდგომაზე დასრულდება, თუმცა, 26 მაისისთვის ის პირველი საზეიმო სხდომისთვის მზად იქნება.
„26 მაისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს თბილისსა და ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი“-განაცხადა მანჯგალაძემ და საზოგადოებას პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელით, დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა.

















