ლეჩხუმში "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დამარცხებულია, - ამის შესახებ, ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან 17 თებერვალს, ცაგერის რაიონში მოსახლეობასთან პრეზიდენტის შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ლეჩხუმელების მოტყუება ვერ შეძლო.
კოპალიანის თქმით, პრეზიდენტმა გაღატაკებულ მოსახლეობასთან მხოლოდ გაბრწყინებულ საქართველოზე და მიღწეულ წარმატებეზე ისაუბრა და სამი თვის წინ გახსნილი საავადმყოფო ზარზეიმით გახსნა.
,,ხალხს ეგონა, რომ პრეზიდენტი 2006 წელს მიცემული დაპირებების ანგარიშს ჩააბარებდა. ცაგერში დღემდეა შემორჩენილი ლოზუნგი ,,საქართველო სიღარიბის გარეშე" და ,,გაზი ყველა სოფელს", თუმცა, გაზი კი არა ტყეში არ უშვებენ გლეხს, რომ ჭიგო მოჭრას. პრეზიდენტი შვეიცარიის მსგავს ქვეყანაზე ესაუბრა გლეხებს, რომლებსაც უფილტრო სიგარეტის ფულიც კი არ უდევთ ჯიბეში და სახლში მხოლოდ ცივი მჭადი ელოდებათ. 500-მდე დამეწყრილი ოჯახი კი დღემდე ელოდება დახმარებას", – აღნიშნა კოპალიანმა.
მისივე თქმით, იმ საავადმყოფოში, რომელიც ,,აისი ჯგუფმა" გახსნა, ადგილობრივი მოსახლეობის 80% ვერ შედის, არაფერი თქმულა არც დასაქმებაზე, რადგან ლეჩხუმში არაფერი მუშაობს.
კოპალიანის განცხადებით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ სცადა ჩაერეცხა ოპოზიცია, მაგრამ რეალურად, ლეჩხუმში "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო ლურსმანი ჩააჭედა".

















