„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის წარსადგენად, ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ცვლილება საქართველოში ჰომოსექსუალიზმის სამართლებრივი ლეგალიზაციის მცდელობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„გასულ კვირას თბილისში გეი აღლუმი ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, თუმცა, წინააღმდეგი ვართ წარმოვაჩინოთ მომხდარი, როგორც უწყინარი გასეირნება. ეს არის შორს გამიზნული გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის სამართლებრივ ლეგალიზაციას“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ამის მაგალითები მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს, როდესაც ერთსქესიანი ქორწინებები სამართლებრივი გარანტიის საფუძველზე ხდება.
„საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია უნდა ასახავდეს ქვეყნის მოსახლეობის ფასეულობებსა და ღირებულებებს“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისვე თქმით, პაკეტი კონსტიტუციაში 5 ცვლილებას ითვალისწინებს. მისი პარლამენტში ინიცირებისთვის საჭიროა 200 000 ხელმოწერა, თუმცა, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ გაცილებით მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, ეს ცვლილებები არ არის „ბრძოლა პროგრესთან“, არამედ ეს არის ტრადიციული ცხოვრების წესის დაცვა.
თარგამაძის აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თარგამაძის ინიციატივა ჰომოფობიურია. თორდიამ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ისეთი განცხადება კეთდება, რომელიც საზოგადოების ცალკეულ წევრებს შორის შუღლს აღვივებს.

















