პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნანა გულუა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, პარტიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.
გულუას განცხადებით, უახლოეს დღეებში, თბილისის საქალაქო სასამართლო საბოლოოდ დააკანონებს „განახლებული საქართველოსთვის” და მისი მხარდამჭერების მიმართ 650 ათასი ლარის ჯარიმის დაკისრების ვალდებულებას, რაც, მისივე განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესში პარტიისთვის დიდი ფინანსური და მორალური დარტყმა იქნება.
როგორც გულუამ აღნიშნა, კონტროლის პალატა და სასამართლო ჯიუტად და პრინციპულად არ ითვალისწინებენ პარტიის ფინანსურად რეპრესირებულ მხარდამჭერთა არცერთ არგუმენტს შემოწირული თანხის წარმომავლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სასამართლო სხდომები სასწრაფო წესით ტარდება და თან ადვოკატების გარეშე.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ამგვარად სურს საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, სასამართლოს მეშვეობით პარტიების ბიუჯეტიდან, რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება მოასწროს.
„გთხოვთ, დაინტერესდეთ ამ დრაკონული და რეპრესიული კანონით, მის საფუძველზე კონტროლის პალატისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა გახდეთ დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციის მონაწილე და მხოლოდ დამკვირვებელი, რომელიც უნებლიედ შეუწყობს ხელს საქართველოში გადარჩენილი მცირე დემოკრატიული რესურსის კვდომას“- ნათქვამია განცხადებაში.
27 აპრილს კონტროლის პალატამ „განახლებული საქართველოსთვის“ 6 წევრი დააჯარიმა. მათ პარტიის ანგარიშზე შემოწირულობის სახით, 65 ათასი ლარი გადარიცხეს და შემოწირული თანხის ათმაგი ოდენობით - 650 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო პარტიას შემომწირველების მიმართ მის ანგარიშზე ჩარიცხული 65 000 ლარის დაბრუნების ვალდებულება დაეკისრა.

















