პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელმაც ,,განახლებული საქართველოსთვის“ აქტივისტების სარჩელი არ დააკმაყოფილა. საკითხი 12 მაისს პარლამენტის წინ, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებაზე დაკავებული ახალგაზრდული მოძრაობის სამი წევრის - დევი ნანობაშვილის, ლაშა ჯავახიშვილის და გოჩა მანჯავიძის გათავისუფლებას ეხებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სამ წევრს - ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილს და გოჩა მანჯავიძეს 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დადგენილება სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის დაადგინა, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის სოსო გიორგაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან პარტიის დაკავებულ წევრებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ ადვოკატის მომსახურებით და დროულად არ განემარტათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. მისივე თქმით, არ დაიკითხნენ პირები, რომლებიც შემთხვევის უშუალო მოწმეები იყვნენ.

















