საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს სამიტს ყველაზე წარმატებული და იდეებით დატვირთული უწოდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატო ძლიერი მოტივატორია არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებში, არამედ რეფორმებისა და ცვლილებების კუთხით. ჩვენი ქვეყანა ნატო-ს იდეების ერთგულია. გამოკითხვების მიხედვით, ჩვენი ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო უსაფრთხოების შემქმნელი უნდა იყოს და არა უბრალოდ მომხმარებელი“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, განსაკუთრებული პრივილეგიაა, როცა ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ყველა ფორმატის შეხვედრას ესწრება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შემდეგი სამიტი ალიანსის გაფართოებას მიეძღვნება.
„ასევე, შევნიშნეთ, რომ მთავარი თემა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა იყო. საუბარი ეხებოდა 3 ბალკანურ ქვეყანას. საქართველომ საკუთარი თავი ამ ფორმალურ კლუბში - 3 ბალკანურ ქვეყანასთან იპოვა, რომლებიც ნატო-ს წევრობის ძლიერი კანდიდატები არიან“- აღნიშნა სააკაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ნატო-ს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკა აქვს.
„ის ფაქტი, რომ ასეთ ძლიერ ალიანსს ამგვარ საკითხებზე საკუთარი პოლიტიკა აქვს, ჩვენთვის ძალიან ძლიერი სტიმულია - ეკონომიკის განვითარების, რეფორმების გაუმჯობესებისა და დემოკრატიზაციის პროცესში“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო იმ გზას გადის, რომელმაც ქვეყანა ნატო-სა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებამდე უნდა მიიყვანოს.

















