"ლეიბორისტული პარტია" საქართველოში აშშ-ის ელჩის დაგეგმილ ცვლილებას ეხმაურება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ვაშინგტონმა, განსხვავებით აშშ-ის სხვა ელჩებისგან, ჯონ ბასს უფლებამოსილება არ გაუგრძელა, რაც ბასის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის უნდობლობის მაჩვენებელია.
მისი თქმით, "ლეიბორისტებმა" ჯერ კიდევ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტ, ბარაქ ობამას წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯონ ბასი პირდაპირ იძლევა განკარგულებებს საქართველოში პოლიტიკური მიტინგების სასტიკ დარბევასა და ხალხის დაჭერაზე და ის საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი პროკურორია.
შატბერაშვილის განცხადებით, წერილში აღნიშნული იყო ისიც, რომ ჯონ ბასი კონტაქტში ვერ შედის ვერც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა ხელისუფლებისა.
აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება და მას რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.

















