საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენლები ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში 26 მაისის დაგეგმილ პლენარულ სხდომას დაესწრებიან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეეცდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლალიაშვილმა განუცხადა.
„ოპოზიციის იქ ყოფნა პოლიტიკურად აუცილებელია. ეს ნახევრად დამთავრებული შენობა სააკაშვილს თავისი მოღვაწეობის გვირგვინად მიაჩნია და ჩვენ მას ამ გვირგვინს არ დავადგმევინებთ“ – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ცალკე თემაა რამდენად საჭიროა ასეთი პიარი, მილიონების ხარჯვა და ნახევრად აშენებულ შენობაში სხდომის ჩატარება.
„თუ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა გვექნება ძალიან მწვავედ ვისაუბრებთ ყველა დაგროვილ საჭირბოროტო საკითხზე, მათ შორის, იმ აბსოლუტურად არანორმალურ მდგომარეობაზე, რომელიც პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით არის შექმნილი. თუ არ მოგვეცემა ამის საშუალება, მაშინ გარეთ გამოვალთ და ვიტყვით“ – აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ არ განეკუთვნება ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ბოიკოტს აცხადებს, მანდატებს ხევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

















