დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე სტატუს-კვოს აღდგენა ქართული საზოგადოების აქტიურობის და მგრძნობიარე დამოკიდებულების შედეგია - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
იგი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციას პირადად გაეცნო და აღნიშნა, რომ უკვე მოგვარებულია ის პრობლემა, რამაც ქართული საზოგადოება ბოლო კვირის განმავლობაში შეაშფოთა.
„მომლოცველებს ჩიჩხიტურის ტაძრის მონახულების და მოლოცვის, კელიების დათვალიერების პრობლემა აღარ ექმნებათ. ეს შედეგი საზოგადოების აქტიურობასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ქართველი ხალხის ასეთი მგძნობიარე დამოკიდებულება გახდა წინაპირობა იმისა, რომ საკითხი უმაღლეს დონეზე - ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის იყო განხილული"- განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, სტატუს-კვოს აღდგენა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას არ ნიშნავს, რის გამოც ქართული მხარე ყურადღებით უნდა იყოს.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მისასალმებელია ის შეთანხმება, რაც მიღწეულია, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაძაბულობა და გაუგებრობა აღარ მოხდეს, აუცილებელია სახელმწიფოთაშორისმა კომისიებმა დროულად დაასრულონ სამუშაოები და საზღვრები დადგინდეს.
ქდმ-ის ლიდერის თქმით, საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან -დემოკრატები" დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურად გამოითხოვს.

















