ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დაზუსტებული სიების პირველ ვარიანტს 1 აგვისტოსთვის წარმოადგენს.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
კაციტაძის თქმით, ამომრჩეველთა სიის გადამოწმებული ვარიანტი, რომელიც 1 აგვისტოსთვის დაიდება, ფაქტობრივად, საბოლოო იქნება, თუმცა, კომისიას უფლება აქვს შესწორებები სიაში 14 დღით ადრეც შეიტანოს.
„თუ არ იქნება დაბრმავებულ-დაყრუებული დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, საზოგადოება საკმაოდ ეფექტურ რეზულტატს დაინახავს და მოისმენს“ - აღნიშნა მან.
კაციტაძემ დადებითად შეაფასა უწყებათაშორისო კომისიის შექმნაც, რომელმაც არჩევნების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მონიტორინგი უნდა დააწესოს. მისი თქმით, „მემარჯვენეები“ კომისიის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან.

















