კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ინფორმაციით, ჟურნალ „ფორბსის“ რუსულმა გამოცემამ ჟურნალისტ რევაზ საყევარიშვილს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ შეუკვეთა.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „ფორბსის“ რუსულ გამოცემაში ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ლიდერთან დღეს გამოქვეყნდა. მისი ავტორი ჟურნალისტი რევაზ საყევარიშვილია, რომელიც „Forbes-Georgia“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია.
კოალიციის ინფორმაციით, რევაზ საყევარიშვილმა „Forbes-Georgia“-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობა 27 მარტს პროტესტის ნიშნად დატოვა და რედაქტორობიდან წასვლის მიზეზად დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და ცენზურა დაასახელა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გახდა - „Forbes Georgia“-მ რევაზ საყევარიშვილი პლაგიატში დაადანაშაულა, თუმცა, ამის მიუხედავად, ივანიშვილთან მოკლე ინტერვიუ მაინც გამოაქვეყნა.
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ბრალდებას ხელი არ შეუშლია „Forbes“-ის რუსული გამოცემისთვის, ცნობილ მილიარდერთან ინტერვიუ სწორედ საყევარიშვილისთვის შეეკვეთა.

















