„სახალხო კრების“ გაფართოებული შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.
შეხვედრას, რომელიც კრების წარმომადგენელმა სოსო ჯაჭვლიანმა გახსნა, გასული წლის 21-26 მაისის აქციების მონაწილეები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გასული წლის 26 მაისის აქციის დარბევისას გარდაცვლილებსა და აქციებზე გადაღებული ვიდეოკლიპიც აჩვენეს.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად უპრეცედენტო ტერორისა, მაშინ ქუჩაში 30 ათასამდე ადამიანი გამოვიდა პროტესტის გამოსახატად. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო ისეთივე მასშტაბის პროტესტი, როგორც ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში.
„მე მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც აქციას ესწრებოდა. ზოგი მათგანი ახლა საპყრობილეშია. „სახალხო კრება“ აგრძელებს ბრძოლას, რომელიც მას ერთი წამითაც არ შეუჩერებია და არ შევაჩერებთ მანამ, სანამ საქართველო რეალურად არ გახდება თავისუფალი, ღირსეული და დემოკრატიული სახელმწიფო“- აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ბრძოლა ცივილიზებული და კონსტიტუციური მეთოდებით წარიმართება.

















