„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებისგან „უმწეოთა პროგრამაში“ არსებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.
როგორც პარტიაში განაცხადეს, არსებული უმუშევრობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში ასობით ათასი ადამიანისთვის „უმწეოთა დახმარების“ პროგრამა მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, პარტიის წევრთა თქმით, ამ სფეროში ისეთი პრობლემები როგორიცაა უსამართლობა, გაუმჭვირვალობა, სარეიტინგო ქულების მინიჭებაში მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.
„ახალი მემარჯვენეების“ მხრიდან სოციალური დახმარების სფეროში არსებული ნაკლოვანებების წარმოჩენის და მიზანმიმართული კრიტიკის შედეგად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი არ დამდგარა“ - აცხადებენ პარტიაში.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს სოციალური დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულებთან დაკავშირებული უთანაბრობა აღმოფხვრას, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარების დანიშვნა 100 000 ქულამდე მოხდეს.

















