საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას იტალიური მხარისგან საპროტესტო მიმართვა არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს კომერციულ დავებში არ ერევა.
„ვცდილობთ ამ ტიპის კომერციულ საკითხებში საერთოდ არ ჩავერიოთ და ის შესაბამისი რელევანტური კანონმდებლობისა და პარქტიკის გათვალისწინებით გადაწყდეს“- აღნიშნა ვაშაკიძემ.
საუბარია ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის იტალიელი პარტნიორები ბოლო დროს „სტერეოს“ ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო, საპროტესტო მიმართვის შემუშავებას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნას გეგმავენ.
ზილფიმიანის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში უკვე საქმის კურსშია.
რამდენიმე დღის წინ, გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში, სადაც „პირველი სტერეოა“ განთავსებული, ტელეკომპანიის ახალი დირექტორის და თანამფლობელის ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანიის „მგლების“ თანამშრომლები შევიდნენ, შენობა დაიკავეს და გეოფიზიკის ინსტიტუტში შესვლის საკითხს ისინი აკონტროლებენ.

















