„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს, სავარაუდოდ, ხელისუფლება მოსალოდნელი აქციების პრევენციის მიზნით გამოიყენებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა შალვა ოგბაიძემ განუცხადა.
„ისინი მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების პრევენციის მიზნით და მათთვის არასასურველ პირებზე თვალთვალისა და დევნის დამატებით მექანიზმად, ამ ზომების გამოყენებას შეეცდებიან“ - განაცხადა ოგბაიძემ.
მისი თქმით, ცვლილებებში ძირითადი აქცენტი ავტომანქანის გაჩერების, პარკირების, ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესებზეა გაკეთებული. ამასთან, ოგბაიძე აღნიშნავს, რომ არ არის განმარტებული როგორ შეიძლება მანქანის შეჩერებისას ორზოლიანი გზების პირობებში საცობი არ შექმნას.
გარდა ამისა, ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ცვლილების ის ნაწილი, რომელიც ეხება მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას, რამაც საგზაო მოძრაობა შეაფერხა ან სრულად დაიკავა გზის სავალი ნაწილი, ნებისმიერი მძღოლის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
„ნებისმიერი თქვენთაგანის ავტომობილი შეიძლება მოხვდეს უწყინარ საცობში. თქვენ დაგიდებენ ვიდეოკამერით გადაღებულ ფოტოს და გეტყვიან, რომ ხართ „რაღაც“ ორგანიზებული მოძრაობის მონაწილე, რამაც საცობი გამოიწვია“- განაცხადა მან.
ახალი წესების თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება, წელიწადში მეორე დარღვევისთვის კი, ჯარიმა 200 ლარი იქნება, ასევე, მკაცრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევებისა და მოძრაობის შეფერხება–საცობების შექმნისთვის.
ავტოსაგზაო მოძრაობის ახალი წესები ძალაში უკვე შევიდა.

















