კოალიცია „ქართული ოცნება“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და მასზე განხორციელებული ფიზკური ზეწოლის ფაქტს გმობს. ამის შესახებ კოალიციამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტის დაკავების და მასზე ძალადობის ფაქტი მედიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის აშკარა გამოხატულებაა, რაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად დაიწყოს მომხდარზე გამოძიება და ობიექტურად შეისწავლონ აღნიშნული საქმე, ასევე, სათანადოდ აგოს პასუხი ყველამ, ვისი მხრიდანაც უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
კოალიცია „ქართული ოცნება“ მიმართავს სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ და აღნიშნულ ინციდენტს სათანადო შეფასება მისცენ.
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორც მთივლიშვილმა განაცხადა, მას პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. სამინისტროს განმარტებით, მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის შენობას ფოტოებს უღებდა, პოლიციაში მხოლოდ ვინაობის დადგენის მიზნით შეიყვანეს, საკითხის გარკვევის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, მთივლიშვილმა უარი თქვა შენობის დატოვებაზე, რის შემდეგაც პოლიციელებმა მას შენობა იძულების წესით დაატოვებინეს.

















