,,პირველი სტერეოს” შენობასთან, ტელეკომპანიის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსვლას ელიან.
როგორც ,,ნიუსუპრესს“ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა, ისინი დღეს საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას გეგმავენ.
,,ვეცდებით დღეს მაქსიმალური ინფორმაცია გავცეთ, დავუკავშირდებით საელჩოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. რამდენადაც ვიცით, დღეს აქ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც აპირებენ მოსვლას. მოვლენ ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებებიც“ - განაცხადა ტელეკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა კობა ბრეგვაძემ.
ზილფიმიანის განცხადებით კი, ის აუცილებლად მიმართავს სასამართლოსა და პროკურატურას. ამასთან მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის მიმართვას ფიქტიური სახე ექნება და მათგან სამართლიან გადაწყვეტილებას არ ელის.
გეოფიზიკის ინსტიტუტი, რომელშიც ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს” ოფისია განთავსებული კერძო დაცვის სამსახურის - ,,მგლების“ თანამშრომლებმა წუხელ დაიკავეს. მათ შენობიდან გარეთ გამოსული ათამდე თანამშრომელი, მათ შორის დავით ზილფიმიანი, შენობაში აღარ შეუშვეს. ტელეკომპანიის თანამშრომლები ოფისში ამ დრომდე ვერ შედიან.

















