პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ თაღლითობა უწოდა დღეს, პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას „ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს საკანონდებლო პაკეტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და „ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, ახალი ინიციატივის თანახმად, 2013 წლიდან ფიზიკურ პირს ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
კერძოდ, მომავალი წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი 2%-ით შემცირდება და ნებისმიერ დასაქმებულ ფიზიკურ პირს გადასახადის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის ინდივიდუალური დაზოგვის ანგარიშზე წარმართვის შესაძლებლობა ექნება.
„შეიქმნება აქტივების მართვის კომპანიები, რომლებიც საქმიანობას ეროვნული ბანკის ლიცენზიით დაიწყებენ“ – განაცხადა ხუროშვილმა.
მისი თქმით, ამ ინიციატივის უკან „უამრავი მოქალაქის ინტერესი დგას, რადგან ის ხელს შეუწყობს მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლებას“.
„ეს არის თაღლითობა, რომლის მასშტაბები ოსტაპ ბენდერსაც კი შეშურდებოდა. ეს არის საბიუჯეტო სახსრების მიტაცების მცდელობა“– განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის მცდელობა საბიუჯეტო თანხები „წარიმართოს პრეზიდნეტის, მისი დედის და ბენდუქიძის ბიზნესებში“.
ოპოზიციონერის ამ შეფასებას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა დაგროვების მექანიზმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოა, საზოგადოების ნდობა საბანკო სექტორისადმი გაიზარდა. ამასთანავე, წერეთელმა განაცხადა, რომ აქტივების დაზოგვის სისტემა ნებაყოფლობითი იქნება და არა სავალდებულო.

















