მოქალაქე ქეთი მელაძე მიყენებული მორალური ზიანის გამო, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება „პალიტრა ტვ“-ს გადაცემა „რეზიუმეში“ თინა ხიდაშელის მიერ მელაძეების ოჯახის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მელაძის განმარტებით, ხიდაშელმა ჩართვის დროს მისი ოჯახის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაავრცელა და ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
მელაძე, ასევე, აღნიშნავს, რომ მათი ოჯახის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართულია ,,ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც განაცხადა, თითქოს, მელაძეების ოჯახი, ივანიშვილისგან მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის, სამ მილიონ დოლარს სთხოვდა.
„თუ ხიდაშელი და ჯავახიშვილი, რომლებიც ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბინძურ ბრალდებებს ავრცელებენ, საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდიან, მაშინ მათ ამის გაკეთება სასამართლოს გზით მოუწევთ“ - განაცხადა მელაძემ.
მელაძის თქმით, მის ოჯახს წყნეთის ხევში საკუთარი მეურნებობა და სახლი ჰქონდა. 2006 წლიდან ამ ტერიტორიით ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში შემავალი კომპანია ,,იუნიონი“ დაინტერესდა და ქონების გაყიდვის სანაცვლოდ, 10 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა, რაზეც, როგორც მელაძე აცხადებს, უარი თქვეს. ამის შემდეგ, საქმეში ხელისუფლება ჩაერთო და აღნიშნული ტერიტორია, რომელიც მელაძეებს გაფორმებული არ ჰქონდათ, მფლობელობაში კომპანია ,,იუნიონს“ გადაეცა.
ქეთი მელაძის განმარტებით, მათ სასამართლოს მიმართეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქართულ სასამართლოში სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, 2009 წელს სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მისი განცხადებით, მთელ ამ პროცესში მას გვერდით თინა ხიდაშელი ედგა და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. მისივე განცხადებით, იმედი ჰქონდა, რომ ხიდაშელი ამ პრობლემას ივანიშვილის ყურამდე მიიტანდა, თუმცა, ასე არ მოხდა.

















