ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ილეანა როს-ლექტინენის განცხადებით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.
მისი თქმით, დროა შეერთებულმა შტატებმა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერით მკაფიოდ წამოაჩინოს ვალდებულება საქართველოს თავდაცვისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ამ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატო-ს მისიაში, რომელშიც 1 000-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს, საქართველოს 2 000-მდე სამხედრო მონაწილეობდა ერაყის მისიაშიც.
ილეანა როს-ლექტინენმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრნენ და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია.
კონგრესმენი მოუწოდებს ამერიკის ადმინისტრაციას ჩიკაგოს სამიტზე აქტიურად იმუშაოს მოკავშირეებთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ალიანსში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობის უზრუნველყოფა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ნატო-ში გაწვერიანების მიმართ მხარდაჭერაზე, ასევე, ნათქვამია წამომადგენელთა პალატის რეზოლუციაში, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტებმა აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღეს. კონგრესი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ვალდებულებები.
ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, ვენესუელას, ნიკარაგუას, ტუვალუსა და ნაურუს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, საკუთარი მიწა-წყლიდან, კვლავ ძალისმიერი გზითაა გამოდევნილი. ასევე, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც მათი, ასევე საერთაშორისო მისიების დაბრუნების აუცილებლობაზე.

















