ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მორიგი მეოთხე შეხვედრა ხვალ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, შეხვედრის თემად გასულ სხდომაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო აგიტაციის გაწევის წესების ჩამოყალიბება განისაზღვრა.
„ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთი წესების ჩამოყალიბება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ევალება. ჩვენი მიზანია, ისინი პოლიტიკურ პარტიებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ შევიმუშაოთ. ეს არჩევნების დროს სანდო გარემოს შესაქმნელად დადებითი ფაქტორი იქნება“ - აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, მხარეები ხვალინდელ სხდომაზე საარჩევნოდ ქალაქში სააგიტაციო მასალის განთავსების წესებსა და პირობებზეც იმსჯელებენ.
ცესკო-სა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის წინსაარჩევნო პერიოდში აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხადაჭერით იმართება.

















