რუსეთის მიერ დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო წვრთნებით - „კავკასია-2012“ საერთაშორისო ნორმები ირღვევა.
ქართული მხარე რეგიონში არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას მუდმივად აწვდის ინფორმაციას. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
„წვრთნები ტარდება არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა“ – განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარე ამ საკითხზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას, რადგან წვრთნების პერიოდი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა.
„რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის რაიმე მყისიერი საფრთხე არ არსებობს, რადგან საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერა მუდმივად მზარდია. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მუდმივად ვაწვდით მათ ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ“- აღნიშნა დეპუტატმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნები "კავკასია-2012" რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. წვრთნების ჩატარება 17–23 სექტემბერს იგეგმება.

















